| მთავარი » საიტების კატალოგი » რელიგია |
| საიტების კატეგორიაში: 1 ნაჩვენებია საიტი: 1-1 |
დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · გადასვლები
![]() იოანე ღვთისმეტყველის გარდაცვალებით დასრულდა ქრისტიანობის პირველი საუკუნე, რომელსაც მოციქულთა საუკუნე ეწოდა. ყველამ, ვინც იხილა განხორციელებული სიტყვა ღვთისა – იესო ქრისტე – და მოუსმინა მას, უფალში განისვენა, მაგრამ მაცხოვრისგან მიღებული ძალაუფლება მოციქულებმა თავიანთ მოწაფეებს გადასცეს. ამიერიდან მათ უნდა ექადაგათ სახარება დედამიწაზე, აღესრულებინათ საიდუმლონი და ღვთის სიტყვის შემწყნარებელნი ყოვლადწმინდა სამების სახელით მოენათლათ. იესო ქრისტემ თავის მორწმუნეთ აღუთქვა, რომ მუდამ მათთან იქნებოდა. ამ აღთქმის სასოებით განმტკიცებული ეკლესია იმთავითვე უშიშრად შეხვდა თავდასხმებს. დევნა და შევიწროება კი არ აუძლურებდა, პირიქით, ზრდიდა და ძალას მატებდა მას. ქრისტიანთა მოთმინება და იმ სახელმწიფოს კეთილმოქალაქეობა, რომელიც მათ უმოწყალოდ დევნიდა, წარმართებსაც კი აოცებდა. პირველ ეკლესიას, რომელშიც მოციქულები და მათი მოწაფენი მოღვაწეობდნენ, უკვე ჰქონდა თავისი ადათ-წესები, რომელთა შესახებაც „საქმე მოციქულთა" და ეპისტოლენი მოგვითხრობენ. მოციქულთა სწავლებას ეკლესია უდიდესი მოკრძალებით ეპყრობოდა და მოწიწებით იცავდა. ქრისტეს სისხლსა და ხორცთან ზიარება ანუ ევქარისტია მოციქულთა დროიდანვე ღვთისმსახურების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მას პურის განტეხასაც უწოდებდნენ. თავდაპირველად ევქარისტია მორწმუნეთა სახლებში აღესრულებოდა, რადგან პირველ საუკუნეში ქრისტიანებს ტაძრები ჯერ კიდევ არ ჰქონდათ, მაგრამ „საქმე მოციქულთაში" გვხვდება მრავალი მითითება, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ ამა თუ იმ სახლში ერთად ლოცვისათვის ცალკე ოთახი იყო გამოყოფილი, რომელსაც შემდეგში მხოლოდ ეს დანიშნულება ენიჭებოდა და ამის გამო ეკლესიას უწოდებდნენ (მოგეხსენებათ, „ეკლესია" ბერძნულად შესაკრებელს ნიშნავს). პურის განტეხა, ანუ ევქარისტია, რა თქმა უნდა, იმ სახით სრულდებოდა, როგორც უფალმა აღასრულა. მისი თანმხლები რამდენიმე სიტყვა ლიტურგიის მთელ არსს გამოხატავს. მოციქულები მათ მხოლოდ პურსა და ღვინოზე სულიწმიდის გარდამოსვლისთვის ვედრება მიუმატეს. საიდუმლოს აღსრულების წინ დამსწრენი ერთმანეთს ამბორისყოფით ესალმებოდნენ ნიშნად იმ სიყვარულისა, რომელიც ქრისტეს შვილებს უნდა აერთებდეს. შემდეგ ეს წესი შეიცვალა (როგორც ჩანს, მორწმუნეთა კრებულის რიცხოვრივი ზრდის გამო), მაგრამ მისი ხსოვნა აქამდე შემორჩა სიტყვებში: „ვიყვარებოდეთ ურთიერთას, რათა ერთობით აღვიარებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა". საკურთხეველში მდგარი მღვდელმსახურნი ამ წესს ახლაც ძველებურად აღასრულებენ და ერთმანეთს ეამბორებიან. პირველი ქრისტიანები ყოველდღე ეზიარებოდნენ, მაგრამ როცა ქრისტიანთა დევნის გამო ღვთისმსახურების ყოველდღე აღსრულება შეუძლებელი გახდა, ზიარება უფლის დღეს – კვირას – დაადგინეს. თავიდან, ვიდრე ყველა მოციქული იერუსაილმში იმყოფებოდა, ისინი სალოცავად ძველი აღთქმის ტაძარში დადიოდნენ, მაგრამ იქ ევქარისტიის საიდუმლოს აღსრულება, რა თქმა უნდა, არ შეეძლოთ. ლოცვისთვის განსაკუთრებით მესამე, მეექვსე და მეცხრე ჟამი იყო დადგენილი: მესამე ჟამს სულიწმიდა გარდამოხდა ზეცით, მეექვსე ჟამს უფალი ჯვარს აცვეს, ხოლო მეცხრე ჟამს მაცხოვარი ჯვარზე აღესრულა. გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ „მამაო ჩვენოსთან" ერთად „უფალო, შემიწყალეც" მოციქულების დროიდანვე იგალობებოდა. თავიდანვე უნდა ყოფილიყო ლიტურგიაში შეტანილი აგრეთვე ანგელოზთა გალობანი: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა მისითა; დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება", – და ქერუბიმთა გალობა: „ალილუია" და „დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა". მეორე საუკუნის დასაწყისიდან წერილობითი ძეგლები უკვე ამ სიტყვებით სრულდება. ადრევე უნდა შეეტანათ ღვთისმსახურებაში გალობანი ღმრთისმშობლისა: „ადიდებს სული ჩემი უფალსა" და სვიმეონ მიმრქმელისა: „აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო მშვიდობით". როგორც „საქმე მოციქულთადან" ვიგებთ, გარდა დადგენილი საათებისა, ქრისტიანები ღამის ლოცვაზე იკრიბებოდნენ. ევქარისტიის საიდუმლო დევნის პერიოდში ან ღამით, ან ცისკრისას აღესრულებოდა. შეკრების ადგილი ხშირად მიწისქვეშა აკლდამა და მღვიმე (კატაკომბა) იყო. ღვთისმსახურებისას იყენებდნენ სანთლებსა და ჩირაღდნებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ სიბნელის გასაფანტად; მათი ანთება სულიერ ზეიმსა და სიხარულს გამოხატავდა და სიმბოლურად იმ ნათელზე მიანიშნებდა, რომელიც განკაცებულმა უფალმა სამყაროში მოიტანა. ქრისტიანებს ქორწინებისთვის უთუოდ ეპისკოპოსისგან უნდა მიეღოთ კურთხევა. მოციქულთა სწავლება ცოლისა და ქმრის მოვალეობათა შესახებ ადასტურებს, რამოდენა პატივს სცემდნენ ისინი ამ საიდუმლოს. წარმართებისაგან განსხვავებით, სადაც ქორწინება ნაკლებად პატივსაცემი იყო, ქრისტიანებს ეკლესიის მიერ კურთხეული საქორწინო კავშირი ქრისტეს ეკლესიასთან მარადიული კავშირის სახედ მიაჩნდათ. ცოლ-ქმარს ერთობით უნდა ემსახურა ღვთისა და ერთმანეთისთვის და ურთიერთს უფლის წმინდა მცნებათა აღსრულებაში დახმარებოდა. საზოგადოდ, იმ რწმენის საფუძველზე, რომ მიწიერი ცხოვრება მხოლოდ დასაწყისია მარადიულისა და მისთვის მზადებას წარმოადგენს, ნებისმიერი სახის ოჯახურმა ურთიერთობამ და მოვალეობამ ქრისტიანულ ზნეობაში ახალი, უფრო მაღალი მნიშვნელობა შეიძინა. |

